მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"არ ვიცით, ჯერ ალბათ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადად, საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო – მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები. მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.
რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა ქადაგიშვილმა.
14 იანვარს გამოცემა Fox News Digital მათ მიერ ნანახ მემორანდუმზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის საელჩომაც.