8 იანვარს გამართულ სხდომაზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარმა, ფილ ბრიკელმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ისაუბრა.
ლეიბორისტული პარტიის წევრმა ბრიკელმა თქვა, რომ ივანიშვილი შეიძლება დასანქცირდეს მაგნიტსკის, გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს დუმილი ივანიშვილის საკითხზე "მცდარ გზავნილს უგზავნის პოტენციურ კლეპტოკრატებს მთელ მსოფლიოში."
"ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო, ეფექტური სანქციების რეჟიმის დაწესება რეალურად აჩვენებს, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ ერი, სინამდვილეში. ერი, რომელიც დგას კანონის უზენაესობის მხარეს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. დავიწყოთ საუბარი საქართველოთი, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ევროპას უნდა უახლოვდებოდეს და არა უკან იხევდეს ავტორიტარიზმში, მოსკოვის სასარგებლოდ.
მთავრობის ყველა შტო და სახელმწიფო უწყებები მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და პარტია ქართულ ოცნებას. სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვიან, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანში ჰყავს ამოღებული უცხოური გავლენის აგენტების კანონით, რომელიც კრემლის სახელმძღვანელოდან მოდის. მშვიდობიანი დემონსტრანტები კი ყოველთვის ეჩეხებიან ძალადობას.
დიდ ბრიტანეთს დაწესებული აქვს სანქციები ზოგიერთი პირისთვის, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებსა და პროტესტის მონაწილეებზე ძალადობაში, რაც მისასალმებელია, თუმცა მინისტრმა იცის, რომ ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის. დიდმა ბრიტანეთმა შეცდომა დაუშვა, როცა მათ არ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი. ის დასანქცირებული უნდა იყოს მაგნიტსკის აქტით, გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმით. ბიძინა ივანიშვილის ამ დრომდე სანქციების მიღმა ყოფნა ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატებსაც მსოფლიოში", - თქვა მან.
გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, ფილ ბრიკელმა, დასანქცირების ერთ-ერთ საფუძვლად ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსებაც დაასახელა:
"დღეს დილით, შევიტყვე, რომ ქართულმა ოცნებამ გაზარდა სახელმწიფო დაფინანსება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომელმაც, Reuters-ის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში მიიღო რუსული ნავთობის პირველი პარტია. თავად ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმირ ალექსეევთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველ მოადგილესთან.
ეს აშკარად წარმოადგენს სანქციების შესაძლო დარღვევის გზას და იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტიც დაემატება ივანიშვილის საკითხს," - თქვა ბრიკელმა. [ფორმულა]