აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მოუწოდა მედიას, შეარბილოს მინეაპოლისში მომხდარი ინციდენტის გაშუქება, რომლის დროსაც აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ქალი მოკლა.
„ყველას, ვინც იმეორებს ტყუილს, რომ ეს არის უდანაშაულო ქალი, რომელიც მინეაპოლისში სასეირნოდ იყო გასული, როდესაც სამართალდამცავმა ოფიცერმა ესროლა, უნდა რცხვენოდეს”, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მედია არასწორად და მიკერძოებულად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს.
„ვფიქრობ, თქვენი [ჟურნალისტების] მხრიდან უკიდურესად უპასუხისმგებლოა ეთერში გასვლა და ამერიკელი ხალხისთვის პირდაპირ ან ირიბად მინიშნება, რომ კაცი, რომელმაც თავი დაიცვა მანქანის დაჯახებისგან, მკვლელობაშია დამნაშავე. სიფრთხილე გმართებთ.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ დაძაბულობის დეესკალაციაზე, რაც, როგორც ვიცი, პრეზიდენტს სურს და რაც მეც ნამდვილად მსურს.
თუ მედიას სურს სიმართლის თქმა, მან უნდა თქვას სიმართლე, რომ მემარცხენე რადიკალების ჯგუფი დაუღალავად მუშაობს, ზოგჯერ შიდა ტერორის ტექნიკის გამოყენებით, რათა შეუშალოს ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გააკეთოს ის, რისთვისაც ამერიკელმა ხალხმა აირჩია, კერძოდ, აღასრულოს ჩვენი საიმიგრაციო კანონები. პრეზიდენტი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE) მხარს უჭერს. მეც მხარს ვუჭერ მას. ჩვენ ყველა სამართალდამცავ ოფიცერს ვუჭერთ მხარს. და ნაწილობრივ ეს იმის აღიარებაა, რომ თქვენ, მედიაში მყოფებო, არა ყველა ამ ოთახში მყოფი, მაგრამ ბევრი ადამიანი ამ თავდასხმის შესახებ იტყუებით. ოფიცერი ცდილობდა, თავი დაიცვა. ის იქამდეც მძიმედ დაიჭრა სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციებში“,- განაცხადა ვენსმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში გაიმართა საპროტესტო აქცია.