მინეაპოლისში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ქალი მოკლა, რომელმაც, აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებისთვის მანქანის დაჯახება სცადა. იუწყება CNN
ინციდენტი ICE-ის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს მოხდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მინეაპოლისში ICE-ის ოფიცრები სამსახურეობრივ ოპერაციებს ატარებდნენ, როდესაც რამდენიმე ადამიანმა მათთვის ხელის შეშლა დაიწყო, ხოლო ერთმა ქალმა ICE-ის ოფიცრებისთვის მანქანით დაჯახება სცადა.
დეპარტამენტის განცხადებით, ICE-ის ოფიცერმა, საკუთარი და კოლეგების დაცვის მიზნით, რამდენჯერმე გაისროლა.
„მან გამოიყენა წვრთნების დროს შეძენილი უნარები და გადაარჩინა საკუთარი და კოლეგების სიცოცხლე,“ - აცხადებენ უწყებაში.
ამავდროულად, ქალაქის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, ფედერალური აგენტების ქმედებებს „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა.
მერმა განაცხადა, რომ ინციდენტის ვიდეო არ ადასტურებს ICE-ის ვერსიას.
„საქმე უსაფრთხოებას არ ეხება. საქმე ეხება ქაოსსა და შიშს, რომელსაც ფედერალური ხელისუფლებას განზრახ შემოაქვს ჩვენს ქუჩებში,“ - განაცხადა მერმა.
37 წლის ქალი დაიღუპა იმიგრანტების დიდი დასახლებების მქონე რაიონებთან ახლოს და დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც 2020 წელს ჯორჯ ფლოიდი მოკლეს.
სროლიდან რამდენიმე საათში ადგილზე ასობით მომიტინგე შეიკრიბა.
დაპირისპირების დროს ფედერალურმა აგენტებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ქიმიური გამღიზიანებლები, დაშავდნენ ჟურნალისტები.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა ინციდენტს ICE-ის აგენტების წინააღმდეგ „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა.