ამაზრზენი პროპაგანდა ვნახეთ, რომელიც პირდაპირ აწყობილი, ორკესტრირებული და შეთანხმებული იყო, სადაც BBC-ის, ევროპარლამენტს და ქართველ რადიკალებს თავიანთი როლები ჰქონდათ. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა BBC-ის, ევროპარლამენტარების და ქართველი რადიკალების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ხომ უმარტივესი საკითხია? – გამოძიება ჩატარდა, პროცესი გამჭვირვალე იყო, ყველა დეტალს პასუხი გაეცა და ითქვა, თუ კიდევ არსებობს კითხვები, მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ, საერთაშორისო ინსტიტუტს ეს მასალები ვაჩვენოთ. თუ კითხვები არსებობს, ეს საერთაშორისო ინსტიტუტები მოვიდნენ, რატომ არ მოდიან? – რა თქმა უნდა, ვაჩვენებთ. ეს ყველაფერი იყო გარედან დადგმული სცენარი. ერთი წლის თავზე იმის მოძიება დაიწყეს, ვინ მოიწამლა, ვის ჰქონდა თავის ტკივილი და მაღალი წნევა. ეს ყველაფერი რატომ დაიწყეს? – ეს ყველაფერი საზღვარგარეთ მოიხარშა და დავალება მიიღეს, რომ ამასთან დაკავშირებით ამბავი უნდა ატყდეს. სადაც მოიხარშა, ვინც ეს დაგეგმა, ამ ყველაფერს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში რომ ვისმენთ, ვინც ეს დაგეგმა და ორკესტრირება გააკეთა, რატომ არ ჩამოდიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მოდიან და არ ეუბნებიან, მასალები გვაჩვენეთო? რა საჭიროა, ამ ისტორიების მოყოლა? – გამოძიებულია, პასუხები გაეცა. თუ არის კითხვები, მობრძანდნენ, გამოძიების მასალებს ჩახედონ – რა მოეწონებათ და რა არა, მარტივია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის შიგნით კითხვებს პასუხები გაცემული აქვს.
„ვინც ამ ყველაფერს იგონებს, რა უნდა დავანახოთ? – ის, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი იარაღი, ეს ტყუილები უმაღლესი ტრიბუნებიდან მოილაპარაკეს. ყველა დარწმუნდა, რომ ეს არ იყო „კამიტი“. ეს იყო გებელსისეული პროპაგანდა, როცა იმხელა ტყუილი უნდა თქვა, რომ ვიღაცას ეჭვი შეეპაროს, ასეთ ტყუილს არ იტყოდაო. გათვლა იყო, რომ დიდ ტყუილს იტყოდნენ, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი და ამაზე სახელმწიფოს პოლიტიკური პასუხი ექნებოდა, არა, არა და ეს ყველაფერი პოლიტიკური დისკურიის სპირალში შევიდოდა. შემდეგ, ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია და განცხადება უნდა მოჰყოლოდა. სინამდვილეში, ეს იყო პირდაპირ ორკესტრირებული თავდასხმა სახელმწიფოზე, რომელიც ბრიუსელის შესაბამისს დოკუმენტებში უნდა ასახულიყო.
ერთი რამე ვერ გათვალეს, სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო, პასუხები დადო და რაც მთავარია, თქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მოვიდეს და ვაჩვენებო. სად არიან ევროპარლამენტარები, ან სხვები? – ეს იყო უსაძაგლესი თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც ევროპაში მოიხარშა და ქართველი რადიკალების საშუალებით განხორციელდა. სხვა რაიმე კი არ არის, როცა ჩვენ ღალატზე, ქართველობის დაკარგვაზე ვსაუბრობთ. აბა, ეს რა არის, როცა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განგაწყობენ? – ადრე, შეიძლება, ვიღაცას ჯარი გამოეყოლებინა და საკუთარ ქვეყანას თავს ასე დასხმოდა, რომ საკუთარი ძალაუფლება მოეპოვებინა. დღეს, პიარული ჯარია, რომელიც რადიკალების სარგებლობაშია – ევროპიდან მომდინარე პიარული ჯარია, რომლითაც ქვეყნის დაზიანებას ცდილობენ. თუ კითხვები აქვთ, განცხადება გაკეთდა და აქამდე, რატომ ვერ ჩამოდიან, ვერ ჩამოაღწიეს? – ჩვენ ვუყიდით ბილეთს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.