ჩვენ ახლა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სახიფათო პერიოდის წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მოკავშირეები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რუსეთი უკრაინას აღარასდროს დაესხას თავს.
„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ახალი თავდასხმა მისთვის საბედისწერო იქნება. ამისთვის სამი დონე არსებობს“, - აღნიშნა რუტემ Bild-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პირველი დონე უკრაინის შეიარაღებული ძალებია. მისი თქმით, ისინი შესანიშნავ ფორმაში უნდა იყვნენ.
რა თქმა უნდა, ისინი ახლა შეუძლებელს აკეთებენ, მაგრამ მათ უნდა შეეძლოთ ქვეყნის დაცვა ომის შემდეგ ან ხანგრძლივი ზავის დროს.
მეორე დონეა „მსურველთა კოალიცია“, რომელსაც ხელმძღვანელობენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით. ეს კოალიცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდა, უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ პუტინმა ხელახლა თავდასხმა არ გაბედოს.
მესამე დონე კი შეერთებული შტატებია. ამჟამად, მოკავშირეები და უკრაინა ამ სამი ელემენტის - უკრაინის არმიის, „მსურველთა კოალიციის“ და აშშ-ის წვლილის - დაკავშირებაზე მუშაობენ, რათა პუტინმა ნათლად გაიგოს, რომ ის უკრაინას ვეღარასდროს შეეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განლაგებაა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, თუ პუტინი კვლავ შეტევას გადაწყვეტს.
„შემიძლია ვთქვა: ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მისცა სიგნალი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან ცოცხალი ძალით [ჯარებით] მიიღონ მონაწილეობა. ამჟამად ვმუშაობთ ამ „მსურველთა კოალიციის“ კონცეფციაზე: როგორი იქნება განთავსება? რა მოხდება ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და ა.შ.? ყველა ეს ელემენტი ამჟამად დამუშავების პროცესშია“, - აღნიშნა მან.