რუსეთის იმედების მიუხედავად, ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ.
"ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ დროული და გადამწყვეტია. უკრაინამ ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მიიღო. რუსეთის იმედების მიუხედავად, ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. რუსული აქტივები გაყინული რჩება. ევროპა ერთიანი და ძლიერი რჩება“, – წერს სიბიჰა.
მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის.