ერთი წელია, „ქართული ოცნება“ არის ღიად ანტიევროპული რიტორიკით გამსჭვალული, ღიად უპირისპირდება ევროპას. ამიტომ ლოგიკურია კრიტიკა, რომელიც მოდის და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი მიღწევაა, რომ საქართველოს საკითხი ევროპის დღის წესრიგში რჩება.
„გუშინდელი ფაქტი და მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ევროპასთან დაპირისპირებისა და ღიად ანტიევროპული პოლიტიკის მიუხედავად, საბედნიეროდ, ჯერჯერობით მაინც ვრჩებით დღის წესრიგში. ეს არის დიდი მიღწევა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან ვმუშაობთ, ვეკონტაქტებით, მუდმივად ვახსენებთ, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე ქვეყანა „ასოცირებულ ტრიოში“. ასევე არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ დიდი ხნის განმავლობაში. ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევების მიუხედავად, ეს ადამიანები მაინც რჩებიან ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის იბრძვიან. ამ ფაქტორების დამსახურებაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დღის წესრიგში ვართ. ახალი არ არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, რომ არ მოსწონს გარკვეული განცხადებები. „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება ევროპას და ანტიევროპული რიტორიკა აქვს.
ამერიკას ჯერჯერობით ვერ უბედავენ კარის მიჯახუნებას, თუმცა ესეც მოსალოდნელია და სავარაუდოდ ამასაც ძალიან მალე ვიხილავთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად შევახსენოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე ქვეყანა „ასოცირებულ ტრიოში“ და ძალიან დიდი ხნის ნაშრომი დღეს ამათ წყალში ჩაყარეს. ამიტომ, საქართველოზე მსჯელობისას კონკრეტული გადაწყვეტილებების დრო როდესაც დადგება, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში ქართველი ხალხის ბრძოლას გაითვალისწინებენ". - განაცხადა ვიკა ფილფანმა.