ვიცნობ ბრალდებულებს, მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რუსთაველზე გავიარე ფეხით. მოგვივიდა შელაპარაკება, მოხდა ჩხუბი. ერთ-ერთმა ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა მითხრა რატომ იღებო, - ამის შესახებ დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ დაკავებულ თორნიკე თოშხუასთან და მინდია შერვაშიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.
გოცირიძის თქმით, არ ეგონა, თუ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ შელაპარაკებს "ასეთი ამბები მოჰყვებოდა".
„ერთ-ერთმა, ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა, მითხრა, რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი... ტელეფონი მეკავა ხელში... ყველა იმ მყოფთან მომივიდა ჩხუბი, 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო...დამესივნენ...მოგვივიდა ჩხუბი... არაფერი რა... მარტო მინდია და გიორგი ხომ არ არიან, 25 კაცი მეჩხუბებოდა", - განაცხადა გოცირიძემ.
პროკურორის კითხვაზე, განიცადა თუ არა ტკივილი, გოცირიძემ უპასუხა:
"ტკივილი რა. ხელი დამარტყა, ადამიანური მომენტია. სასწაული ტკივილი არ მიგრძვნია, ხელი დამარტყა და ადამიანური მომენტია. სასწაულად მეტკინა არ ყოფილა.ტკივილი ცოტათი ვიგრძენი.
მე დანა მედო არ დამიმალია... დანისკენ ხელი არ წამიღია, სამჯერ წამაქციეს და ამომივარდა... შემთხვევის დღეს დანა არ გამომიყენებია...
...ან გირაოთი არ შეიძლებოდა აქამდე? ამხელა ის მოჰყვა ამ ამბავს, ადამიანები ვართ. არც კამერა მეჭირა და არაფერი. მაბრალებენ პროვოკაცია მოაწყოო. თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება", - თქვა გოცირიძემ.
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.
ფოტო: "ტვ პირველის" კადრი