ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება „დამოკიდებულია ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე“. ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე. მთავარი ის არის, რომ ტრამპი ამ პოზიციიდან უკან არ იხევს. ის ხასიათის ადამიანია, ზოგჯერ იმპულსურიც. მთავარია ამ ყველაფერს არ მიაფურთხოს, ხელი არ ჩაიქნიოს და არ წავიდეს. თუ ის ამ მიმართულებით გააგრძელებს, შედეგი იქნება. ევროპელებს აქ ხმაურის ატეხვის საფუძველი არ აქვთ,“ - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკამ შეკითხვაზე, „როგორ შეუძლიათ ზელენსკისა და პუტინს მშვიდობის მიღწევა?“, უპასუხა: „ვფიქრობ, ამჟამინდელი სიტუაცია... მათ ამ მშვიდობის მიღწევისკენ უბიძგებს“.
მან აღნიშნა, რომ ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის „საქმე კარგად არ იქნება“, რადგან ომში „კიდევ უფრო მეტი ადამიანი“ ჩაერთვება.
უკრაინაში ომის დასრულება დონალდ ტრამპისა და აშშ-ის პოზიციაზეა დამოკიდებული - ალექსანდრ ლუკაშენკა
ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ „ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება“.
„და ეს ომიც მშვიდობით დასრულდება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება,“ - თქვა მან.
ლუკაშენკოს თქმით, „ზელენსკიმ უნდა გაიგოს და ესმის კიდეც, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს იმით, რომ უკრაინამ აღარ იარსებოს“.
მან ასევე ახსენა გარანტიები და აღნიშნა, რომ იცის, რა გარანტიები სურს რუსეთს.
„გარანტიები უნდა არსებობდეს. რუსეთს სურს გარანტიები, რომ ეს სამუდამოდ იყოს. მე ეს ვიცი. რუსეთს სურს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ომი აღარასდროს დაიწყება. უკრაინაც დაინტერესებულია ამით. ტრამპი მზადაა, ამის გარანტის როლში გამოვიდეს. ყველაფერი თავის ადგილზეა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ყველაფერი“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
„ამიტომ, დღეს მთავარია, შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა, რათა ხალხი არ იღუპებოდეს. ხალხი არ იღუპება - დაჯექით და რაც გინდათ, ისე მოილაპარაკეთ. ტერიტორიულ საკითხებზეც და სხვა მხრივაც,“ - განაცხადა ლუკაშენკამ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინა და მისი არმია ამ პერიოდში არ გადაიარაღდეს და ამერიკელებმა იქ იარაღი ევროპელებთან ერთად არ მიაწოდონ,“ - აღნიშნა მან.
ლუკაშენკამ დასძინა, რომ ტრამპი ზელენსკიზე „სამშვიდობო შეთანხმების“ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლას აძლიერებს.
„იმიტომ, რომ ევროპელები ჩაერთნენ ამ საქმეში და ყურში უჩურჩულებენ, რომ ზელენსკის ბრძოლაში დაეხმარებიან. ისინი საერთოდ არ დაეხმარებიან. მათ არ აქვთ ის რესურსები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. და თუ ამერიკელები უკან დაიხევენ, ესკალაცია გარდაუვალია. და მაშინ მაკრონი, მერცი და სტარმერი მიხვდებიან თავიანთ შეცდომას,“ - განაცხადა ლუკაშენკამ.