პარლამენტის ევროინტეგრციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მინიმუმი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება“.
ლევან მახაშვილის განცხადებით, აუცილებელია, სიტყვები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატოს.
„წესითა და რიგით, საქართველოს ყველა ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ მიზნით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს უნდა იყოს და არის მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ურთიერთობების ნორმალიზების. ამ ნორმალიზებას სხვა მიზანი არ ექნება. ისეთ პირობაზე ვსაუბრობ, რაზეც მგონი, ყველა ვთანხმდებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მინიმუმი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ურთიერთობის ნორმალიზებას. რუსეთი დღემდე ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას. სიტყვები ერთია, მაგრამ აუცილებელია, სიტყვები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატოს. ამ ნაწილში სერიოზული მანიშნებელი იქნება ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მზაობა გამოთქვას. ეს იქნებოდა სერიოზული განაცხადი და არა უბრალოდ სიტყვების, არამედ პოლიტიკის დონეზე. ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ. ბოლო რამდენი წელია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის პრინციპია ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს იმ მეზობლებთან, ვისთანაც ახლა გვაქვს. ხოლო რუსეთთან, რომელიც დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, მშვიდობიანი და რაციონალური პოლიტიკა გვქონდეს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამაზე საუბარი მარტივია, არათუ დასამალია, არამედ შიგნით და გარეთ ვამბობთ, რომ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანია საქართველოს დეოკუპაცია. რაციონალური და საღი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად ვართ ერთი მიზნით და არაფერი ამის გარეშე – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.