სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
გიგა ფარულავას თქმით, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი.
„ჩვენ სრულად მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გუშინდელ გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „ოცნების“ მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე შეთითხნილი ბრალი მხოლოდ პოლიტიკური დევნაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს გიორგი გახარიას იმ ბრალს, რასაც მას „ოცნების“ პროკურატურა ედავება. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ: 1. 20 ივნისის მიტინგის დაშლა იყო კანონიერი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს; 2. 20 ივნისს დარბევის გამომწვევი ერთადერთი იარაღი, რომლითაც ადამიანებმა მძიმე დაზიანება მიიღეს, იყო რეზინის ტყვიები. რეზინის ტყვიების გამოყენების არაპროპორციულობა დადასტურდა ოთხ კონკრეტულ შემთხვევაში; 3. რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი და ობიექტურად დადგინდება, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მაშინ როდესაც, ვციტირებ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას ადვოკატი, გიორგი გახარიას უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში. კიდევ ერთხელ, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება. მივმართავთ 20 ივნისის ორგნიზატორებსა და ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
შეგახსენებეთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს, 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს