საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეს, მატიას გიომარს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.
„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.
პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.