ლევან ხაბეიშვილის გაბრაზება გასაგებია, რადგან ჯერ ქუჩაში მიატოვეს, შემდეგ – საპყრობილეში. რა ეგონა? იმ ხალხის იმედი რატომ ჰქონდა, რომელთაც საკუთარი ხალხი, ქვეყანა გადააგდეს? ხაბეიშვილს რატომ გამოეკიდებოდნენ?, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გარეთაც რომ იყო, რაზეც მუშაობდა, პარტიაში სულ წინააღმდეგობა ჰქონდა და რატომ ჰქონდა იმედი, რომ საპყრობილეში ჩაყვებოდნენ ვითომ მოკავშირეები? რაც ხდება, ლოგიკური შედეგია იმისა, რაც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს. ოპოზიციაში ზოგი კაპუჩინოს სვამს, ზოგი რომში ისვენებს, ზოგი მასაჟებს იკეთებს. ეს მათი საქმე და მათი საქმიანობის შედეგია. ხალხს მოუწოდებენ, ქუჩაში წვიმაში იდგნენ, ციხეში წავიდნენ და თავად ყავას მიირთმევენ, ზოგი რომში და ზოგი სხვა დედაქალაქებში. ვინც აქ არის, ისინი არც წვიმაში გამოსვლით იწუხენენ თავს და არც ქუჩაში დგომით. ახალგაზრდებს ვაფრთხილებდით, რომ შეცდომაში შეჰყავდათ და დაინტერესებული იყვნენ მხოლოდ იმით, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად აქ დამხობა, რევოლუცია მოეწყოთ“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? - ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.