ბერლინში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ჩემი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში ისტორიულია, რადგან დღეს ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ამის დასტურია“, - განაცხადა ფაშინიანმა ბერლინში მერცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ერევანი დიდად აფასებს ბერლინის მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმებისა და სომხეთის მდგრადი განვითარების მიმართ და ელის „მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ რთულ და გრძელ გზაზე“.
„ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო დღის წესრიგი და შევთანხმდით, რომ ამ უპრეცედენტო გამოწვევების პერიოდში, როდესაც დემოკრატიები სწრაფად მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე დგანან, მხოლოდ კოორდინირებულმა მოქმედებამ შეიძლება გააძლიეროს კოლექტიური დემოკრატიული მდგრადობა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი დაინტერესებულია სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებით.
მერცის განცხადებით, 2026 წლის მაისში ერევანს ეწვევა, სადაც დაგეგმილია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტი.