უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა. მათი საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებები იყო.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და მელონის „დიპლომატიური სიტუაციის ყველა ასპექტზე ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდათ“.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ იტალია აქტიურად არის ჩართული ეფექტური იდეების ძიებასა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების განსაზღვრაში. მე მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მომლაპარაკებელთა გუნდის მუშაობის შესახებ. ჩვენ ვახდენთ დიპლომატიის კოორდინაციას. იტალიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს: ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მან ასევე მადლიერება გამოხატა იტალიის მიერ ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს საჭირო აღჭურვილობას. „ეს არის ის, რაც ნამდვილად დაეხმარება უკრაინელ ოჯახებს, ჩვენს ხალხს, ბავშვებს, ცხოვრებას ჩვენს ქალაქებსა და თემებში, რომლებიც მუდმივი რუსული თავდასხმების სამიზნეები არიან. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე. გმადლობ, იტალია!“ - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკის იტალიაში ვიზიტი მისი ევროპაში დიპლომატიური ტურნეს გაგრძელებაა.
ერთი დღით ადრე პრეზიდენტი ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს და ამ შეხვედრის ფარგლებში ონლაინ საუბარი შედგა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების ფართო სპექტრთან.
ამის შემდეგ ზელენსკი ბრიუსელში გაემგზავრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებისთვის, საიდანაც რომში ჩავიდა.