ადამიანი წლებია გამოკეტილია სადღაც, გარეთ მხოლოდ დასაფლავებებზე გამოდის, ვერ მეტყველებს კაცობრიობისთვის ცნობილ ვერცერთ ენაზე, ხანდახან მოძრაობს დიდი შუშაბანდით, რომელშიც არავის სხვას არ უშვებს, სახლში ჰყავს ზვიგენები და სკაროსები, საჯაროდ აწამებს ადამიანებს, უკვე 14 წელია საჯაროდ ბოდავს და გვეუბნება, ყაველაშვილი თქვენი პრეზიდენტიაო. რა დაგაკლოთ? თუ პოლიტიკა და ფსიქიატრია უნდა გავმიჯნოთ?“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
ზურა (გირჩი) ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას აფასებს.
„გვიანი კომენტარია, მაგრამ ახლა მოვახერხე ბიძინას წერილის წაკითხვა, რომელიც ამჯერად მისი ადვოკატის სახელით გავრცელდა და რატომ არ შუქდება წესიერად ასეთი ამბები მედიის მხრიდან, ვერ ვხვდები. რას ამბობს ივანიშვილი ამ წერილში: „დიპ სტეიტმა“, იგივე დასავლურმა სპეცსამსახურებმა, ჩემს წინააღმდეგ მოქმედება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყეს, როდესაც მე შევწყვიტე კომუნიკაცია მაშინდელ ხელისუფლებასთან. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაიწყეს შვეიცარიული საბანკო სისტემის ჩამოშლა, 2008-შიო და მას მერე მებრძვიანო... მერე როგორ ებრძვიან ვიცით, ყველგან სადაც შეუძლიათ, გარდა გიბრალტარის, სინგაპურის და გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა. ეს სასამართლოები როგორღაც ახერხებენ წინ აღუდგნენ „დიპ სტეიტის“ წნეხს. აქ რამდენიმე რამეა მნიშვნელოვანი. პირველი, ამ ტექსტიდან პირველად ვიგებთ, რომ „დიპ სტეიტი“ და დასავლური სპეცსამსახურები ერთი და იგივეა. ასე წერია მინიმუმ ორ ადგილას ანუ სახელ-გვარებით ვერა, მაგრამ უწყებრივად მაინც გავიგეთ გლობალური ომის პარტიის მისამართები. მეორე, 2008 წელს იყო მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც სახე გააძრო ბევრი ქვეყნის საბანკო სისტემას (მაგალითად ირლანდიის) და შეიწირა სხვა და სხვა ბანკები. ივანიშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ ეს კრიზისი მას მოუწყვეს, რომ „კრედიტ სუსს“ მისთვის ფული არ დაებრუნებინა. მესამე, ივანიშვილი იგივე წერილში ამტკიცებს (რთულია მაგას მინიშნება დაარქვა), რომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა მისთვის ფულის წართმევა მოახერხეს მისი პირადი ბანკირის, ვინმე ლესკადრონის (თუ გვარი სწორად მახსოვს) ხელით, რომელიც შემდეგ თავიდან მოიშორეს - მოკლეს. ამას ამბობს ადამიანი, რომლის მმართველობის პერიოდში: ა. ადამიანმა, რომელიც ერთადერთი ხელის შემშლელი იყო „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების საქმეში, ეროსი კიწმარიშვილმა „თავი მოიკლა“; ბ. სამი ადამიანი, რომლებმაც პრინციპული მნიშვნელობის არჩევნები მოუგეს (მიუხედავად გაყალბებისა) ივანიშვილს: თამაზ მეჭიაური თიანეთში, ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმში და გია ხარჩილაძე წალენჯიხაში, სამივე „გულის შეტევით გარდაიცვალა“, გ. ადამიანმა, რომელიც პრინციპული მნიშვნელობის მოწმე უნდა ყოფილიყო ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეში, დავით გოგობერიშვილმა „თავი მოიკლა“, დ. აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც კაცმა არ იცის, რა ინფორმაციას ფლობს, საგარეჯომდე იარა, რომ ძმაკაცის იარაღით ფილტვი გაეხვრიტა, მერე ტელეფონის გამოყენებაზე უარი თქვა ცხოვრების ბოლომდე, ბოლოს კი იქ გადაიხვეწა, სადაც სულ რაღაც 1 წლის წინ რომ გეკითხა მისთვის, აგდებულად გეტყოდა, იქ დედას დედას აღარ ეძახიანო. მაგრამ ეს გვერდით გადავდოთ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც უკვე საკუთარი თვალით ვნახეთ, ჯერ ხომ მაინც არ გვჯერა, რომ აქ ჩეჩნეთია და რუსები ასეთებს იკადრებენ. რომ შევაჯამოთ, ივანიშვილი ამ წერილში ამბობს: მას შემდეგ, რაც დასავლურმა სპეცსამსახურებმა დაინახეს, რომ მან გაწყვიტა კონტრაქტი წინა ხელისუფლებასთან, მათ აიძულეს მისი პირადი შვეიცარელი ბანკირი ივანიშვილის ფული ჩაედო რისკიან პორტფელში, ხოლო შემდეგ მოკლეს ის. პარალელურად, შემთხვევით „კრედიტ სუსს“ რომ ვერ მოეხერხებინა ივანიშვილისთვის კუთვნილი ფულის სხვა სახსრებიდან დაბრუნება, მოაწყვეს მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, ჩამოშალეს შვეიცარიული საბანკო სისტემა და გააკოტრეს „კრედიტ სუსი“. მას შემდეგ გრძელდება ივანიშვილის დევნა დასავლური სპეცსამსახურების მხრიდან. ამიტომ უწევს ახალგაზრდების წამება, სახლებთან ჩასაფრებები, პოლიციელების „გატიტუშკება“, დევნილი პენსიონერების ციხეში გამოკეტვა და ზარქუას ყოლა. 30 წლის წინ, მე რომ ასათიანზე პრაქტიკას გავდიოდი ფსიქიატრიულში, იქ მომისმენია ასეთი ისტორიები. იმ განსხვავებებით, რომ ის ადამიანები ძალიან ჯიგრები იყვნენ, ასეთ აზრებს ზეპირსიტყვიერად გადმოსცემდნენ და არა ეპისტალარულად და მიუხედავად იმისა, რომ „სნიკერსი“ ენატრებოდათ, ამ ქვეყნის რუსეთში უკან წათრევის სურვილი არ ჰქონდათ, ამას მაშინ ეძახდნენ პარანოიულ შიზოფრენიას, მკვეთრად გამოხატული აკვიატებული იდეების, განდიდების მანიისა და ბოდვითი აშლილობის სინდრომებით. რატომ ვწერე ამდენი. მე არ მჯერა, რომ ივანიშვილს თავად სჯერა ამ ბოდვების. ეს თავის მოგიჟიანება, ისევე როგორც ხმები იმის შესახებ, თითქოს ჯადოქრების და შელოცვა-გამოლოცვების სწამს, ლუბიანკაზე შექმნილი მისი ლეგენდის ნაწილი მგონია. მაგრამ იქნებ მე ვცდები? ვის არ შეშლია? სპორტსმენებზე, მასწავლებლებზე და სხვა პროფესიებზე რომ ვწუხვართ ხოლმე, მე მაინტერესებს სად არის ქართული ფსიქიატრია? ადამიანი წელია გამოკეტილია სადღაც, გარეთ მხოლოდ დასაფლავებებზე გამოდის, ვერ მეტყველებს კაცობრიობისთვის ცნობილ ვერცერთ ენაზე, ხანდახან მოძრაობს დიდი შუშაბანდით, რომელშიც არავის სხვას არ უშვებს, სახლში ჰყავს ზვიგენები და სკაროსები, საჯაროდ აწამებს ადამიანებს, უკვე 14 წელია საჯაროდ ბოდავს და გვეუბნება, ყაველაშვილი თქვენი პრეზიდენტიაო. რა დაგაკლოთ? თუ პოლიტიკა და ფსიქიატრია უნდა გავმიჯნოთ?“, - წერს ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.