შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union – UPU) (საფოსტო ოპერაციების საბჭოს (POC — Postal Operations Council) ყრილობაზე კენჭისყრის შედეგად, საქართველო, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად აირჩიეს. საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა კი საფრანგეთი გახდა.
„საქართველოს ფოსტისთვის აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ხაზს უსვამს ჩვენს მზარდ როლს საერთაშორისო საფოსტო სივრცეში. UPU-ს საფოსტო ოპერაციების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე არჩევა წარმოადგენს, ქვეყნისადმი მაღალი ნდობისა და საქართველოს ფოსტის საერთაშორისო რეპუტაციის მორიგ აღიარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ხარისხის, ინოვაციების და გამჭვირვალობის გაძლიერებას, რათა საქართველო გლობალური საფოსტო ეკოსისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაწილედ დავამკვიდროთ,“ - აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.
საფოსტო ოპერაციების საბჭო წარმოადგენს მსოფლიო საფოსტო კავშირის ფარგლებში მოქმედ პროფილურ, ტექნიკურ და ოპერატიულ გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს საფოსტო ქსელის ეფექტიანობის, უსაფრთხოების, სტანდარტების, ხარისხის კონტროლის და სერვისების განვითარების უზრუნველყოფა აღნიშნული საბჭო 48 ქვეყნის დანიშნული ოპერატორისგან შედგება და გლობალური საფოსტო ოპერაციების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.