მე არ მითქვამს, რომ კელი დეგნანი ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა. მე გითხარით, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა და არჩევას, ბნელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ნათელ მხარეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დეგნანის მხრიდან მაგიდაზე მუშტებით ბრახუნზე გადატანითი მნიშვნელობით თქვა. "ჩემს კაბინეტში მე მუშტებს ვერავინ მიბრახუნებს" , - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„მე არ მითქვამს, რომ [კელი დეგნანი] ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა - მეთქი, მე გითხარით, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა და არჩევას, ბნელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ნათელ მხარეს. ესკალაცია არ არის სანქციის დაწესება? კი არ გპასუხობთ, ამაზე ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი. სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მრჩეველი ო’ბრაიენი რომ იყო ჩამოსული, მასთან და მაშინდელ ელჩ დანიგანთან ერთად, მასაც მოვუყევი ეს ამბავი. საყვედურად ვუთხარი, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, 28 თებერვალს 4 დღის დაწყებულია ომი და კიევს არის მიმდგარი რუსეთის არმია, ამერიკის ელჩი მოდის ჩემთან კაბინეტში და ნაცვლად იმისა, რომ [ეთქვა] ქართველები, ახლა ზედმეტად თავს ნუ გამოიჩენთ, ახალი პრობლემა, ახალი ესკალაციის კერა აქ არ შექმნათ, აგერ რუსეთის ჯარი ახლოს არის, რამე არ მოხდეს რომ მერე თქვენც არ იყოთ ცალკე საშველები, ამის ნაცვლად, მოვიდა და პირველი სიტყვები იყო ის, რომ - რა ხდება, შეშფოთებულია ვაშინგტონი, აირჩიეთ ახლა, ნათელ მხარეს ხართ, თუ ბნელ მხარეს, რატომ არ აწესებთ სანქციებს? დააწესეთ სანქციები“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მან ერთ-ერთ ინტერვიუში გადატანითი მნიშვნელობით თქვა, რომ „აშშ-ს ელჩი მუშტებს უბრახუნებდა მაგიდაზე“. პაპუაშვილის თქმით, ეს ამგვარად იმიტომ, თქვა, რომ მკაცრი ტონი აღეწერა.
„ხო, ეს გადატანითი მნიშვნელობითაა, ჩემს კაბინეტში მე მუშტებს ვერავინ მიბრახუნებს. (მუშტების ბრახუნზე ასე) იმისთვის ვთქვი, რომ აღმეწერა მკაცრი ტონი. უნდა აგვერჩია, ახლა ნათელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ბნელ მხარეს. რაც არ უნდა მეთქვა, ვუხსნიდი ამ გარემოებებს, არანაირი პასუხი არ აინტერესებდა. მთავარი პასუხი აინტერესებდა ის, რომ გვეთქვა, კი, დავაწესებთ სანქციებს.