გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც! - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია წერს.
ლომჯარია კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ, გუშინ, უკრაინასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისთვის, სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდას ეხმაურება და სპორტსმენებს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს.
„ძვირფასო სპორტსმენებო, რა ხდება ჩვენ თავს: წარმოიდგინეთ, სპორტულ ფედერაციებს ისეთი წესები რომ მიეღოთ, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, მსაჯები მიკერძოებული ხალხით დაეკომპლექტებინათ, თამაშის დრო 10 წუთით შეემცირებინათ, ლეგიონერები „უცხო ქვეყნების აგენტებად“ გამოეცხადებინათ და უცხოური კლუბებიდან დაფინანსების მიღება აეკრძალათ, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის თქვენ თამაშებზე დასწრება აეკრძალათ…
ყველა საერთაშორისო სპორტული ფედერაცია, ვინც ეტყოდა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება საერთაშორისო წესებს, „დიფ სთეითად“ გამოეცხადებინათ, რომლებიც საქართველოს სპორტის შიდა საქმეებში ერევიან და საერთოდაც, ქართველი სპორტსმენების „გათხოვების“ სურვილი ამოძრავებთ. შემდეგ ოფიციალურად ეთქვათ, რომ 2028 წლამდე ქართველი სპორტსმენები ევროტურნირებზე ასპარეზობას წყვეტენ.
ამის გასაპროტესტებლად გამოსული თქვენი კოლეგები რომ დაერბიათ, ციხეში წლები გამოემწყვდიათ, სახის ძვლები დაელეწათ, ეწამებინათ სამარშრუტო ტაქსებში, ეფურთხებინათ ქალი სპორტსმენებისთვის და ვეტერანები პოლიციის განყოფილებაში გაეშიშვლებინათ, თქვენი მხარდამჭერები მასიურად სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ…
ხომ დაგახრჩობდათ უსამართლობის განცდა? ხომ იდგებოდით აქციაზე 365 დღე? - ეს ხდება დღეს ქართველი ხალხის თავს, ეს ხდება დღეს თქვენი გულშემატკივრების თავს, ეს თქვენ თავსაც ხდება, რადგან, თქვენც ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხართ!
გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!“ - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. გოორგი შერმადინმა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო შეხვედრა ჩაატარა, ის სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვისას დროს, გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესესაც, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.