საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთანA დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
მწვანეთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის ევროპულ სახელმწიფოებთან ინტეგრირებისკენ.
"ის ამ ნაბიჯით უბრუნდება საბჭოურ ცნობიერებას, რომლის სივრცეშიც გარემოს დაცვას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. დღეს სახელმწიფოს დონეზე გაცხადებული იქნა, რომ საქართველო უარყოფს გარემოს დაცვით პოლიტიკას, მდგრადი განვითარების პრინციპებს და გარემოს დაცვას ხდის მხოლოდ ბუტაფორიულ ცნებად და ამ ქმედებით იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მომავალი თაობებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე", - აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გარემოს დაცვა და ეკოლოგია ამავე სამინისტროში დარჩება, ხოლო ბუნებრივი რესურსები და ლიცენზირება ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება.