სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ რესპუბლიკელი სენატორების ინიციატივას მიესალმება, თუმცა მას "საქმის ნაცვლად ლაპარაკს" უწოდებს.
"რესპუბლიკელები" ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მართავდნენ შეერთებულ შტატებს. საქართველოსთან ჰქონდათ პარტნიორული ურთიერთობა და თუ მათ საქართველოსთვის სამხედრო სფეროში ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევა, ან ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა სურდათ (თავისთავად, როცა რადარის განთავსებაზეა საუბარი, იქ ბაზა უნდა გახსნა, ინფრასტრუქტურა მოაწყო და ამ ბაზის თავდაცვა უზრუნველყო), შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, ის, რომ "რესპუბლიკელებმა" მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ვერ მოახდინეს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მიზეზებითაა განპირობებული.
"პოლიტიკური მიზეზია ის, რომ შეერტებულ შტატებს არ უნდა რუსეთთან ახლოს ჰქონდეს სამხედრო ბაზა, რადგან ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში ამან შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ობამას ადმინისტრაცია სტრატეგიულად მიიჩნევს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას და ერიდება ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მოსკოვის გაღიზიანებას გამოიწვევს. ეს კი რუსეთის გაღიზიანებას ნამდვილად გამოიწვევს. როგორც ვხედავთ, მოსკოვისთვის მგრძნობიარეა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისა და განსაკუთრებით საქართველოსთვის სამხედრო სფეროში ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევა, რამდენადაც, რუსეთის აზრით, ეს მისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებთანაა დაკავშირებული. პრაქტიკულ ნაწილს რაც შეეხება, საქართველოში რადარების განთავსება შესაძლებელია, თუმცა როცა პენტაგონი რისკების ანალიზს დაიწყებს, შეეჯახება ვითარებას, როცა რუსებს საქართველოს ქვეყნის შუაგულში სამხედრო ბაზები ჰყავს განლაგებული, საიდანაც არსებობს თეორიული საფრთხე, რომ რადარები სამიზნე ობიექტად იქცეს. შესაბამისად, საჭირო გახდება ამ რადარების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუ გავითვალისწინებთYიმასაც, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, რისკები იზრდება და თავისთავად ეს ორმაგი, სამმაგი და შეიძლება ოთხმაგი ფასიც დაუჯდეს შეერთებულ შტატებს", - განმარტა სამხედრო ექსპერტმა.
სესიაშვილი საკითხის პრაქტიკულ ნაწილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო აღნიშნული რადარების სათავისოდ გამოყენებას ვერ შეძლებს, აშშ-ირანს შორის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში კი საქართველო, როგორც ამერიკული რადარის განთავსების ადგილი, შესაძლოა, სამიზნე ობიექტად იქცეს.
"ბევრი ქართველი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ რადარების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ჩვენ ამ რადარს გამოვიყენებთ. ჩემი აზრით, სერიოზულად ცდებიან ჩემი კოლეგები, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას არავინ მისცემს საშუალებას, ან ინფორმაცია მიიღონ რადარიდან, ან მის მართვაში ჩაერთონ. არსებობს მეორე მომენტიც _ ეს რადარი შეიძლება მიმართული იყოს ახლო აღმოსავლეთისკენ და ის ვერ გამოვიყენოთ ჩვენი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ ჩვენ დასავლეთს ვაძლევთ საშუალებას, განათავსოს რადარი ჩვენს ტერიტორიაზე, ისე, რომ მას ვერ გამოვიყენებთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირანთან გარკვეული კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება თეირანმა ეს რადარი თავის სამიზნე ობიექტად აქციოს", - მიიჩნევს სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "რესპუბლიკელი" სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ანტისარაკეტო თავდაცვის სარადარო სისტემის თურქეთის ნაცვლად საქართველოში განთავსების წინადადებით მიმართავენ. ინიციატივა ჯონ კაილის, ჯეიმს რიშს, მარკ კირკსა და ჯეიმს ინჰოფს ეკუთვნით. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იდეალურია იმისთვის, რომ იქ ირანზე დამიზნებული რადარი განთავსდეს. თურქეთთან შედარებით ეს აშკარა უპირატესობას მოგვანიჭებს შეერთებული შტატების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტისგან დასაცავად", - ნათქვამია თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსისადმი 3 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აღნიშნული სენატორები აწერენ.