"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ სოფელში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფლებისგან საგანგებო ზომების მიღება მოითხოვეს.
როგორც ახალსოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, სურსათსა და ძირითადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი პრობლემები ემატება.
"მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის #394-1 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები, რომელიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაგალითად, ყვარელის რაიონში ერთი ჰექტარი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა 39 ლარი ღირდა, ახალი განაკვეთი - 82 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, გაიზარდა იჯარით აღებული მიწების საპრივატიზაციო ფასი და, კვლავ ყვარელის რაიონის მაგალითზე, 1 ჰექტარი მიწის პრივატიზების ფასმა მიწის გადასახადის ოცმაგ ოდენობას - 1640 ლარს მიაღწია. მოსახლეობას მიწების გამოსყიდვა ადრინდელი ტარიფითაც კი უჭირდა. და ამიერიდან გაძვირებული გადასახადების ფონზე ამას პრაქტიკულად ვეღარ შეძლებს", - განმარტავენ "მემარჯვენეები".
"ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ სოფლად მდგომარეობა საგანგაშოა და ხელისუფლებისგან საგანგებო ზომების მიღებას: მიწაზე ქონების და პრივატიზაციის გადასახადის დაწევას და საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციების, წარმოების და გადამუშავების უახლოესი 5 წლის განმავლობაში ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისგან გათავისუფლებას მოითხოვს.
"ახალი მემარჯვეეები" ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებენ 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას არარეალური დაპირებების ნაცვლად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ამ და სხვა პრობლემებზე დაუფარავად ისაუბროს და მათ მდგომარეობის გამოსწორების კონკრეტული სახელისუფლებო გეგმები გააცნოს.