საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოების ნაგვის ურნაში გადაყრის ფაქტს ცილისწამებას უწოდებს.
აღნიშნულის შესახებ გაბაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის-ვიცე სპიკერის, ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა დავითაის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.
"მსგავსი განცხადება განსაკუთრებით პაატა დავითაისგან მიკვირს, რომ თითქოს თავდაცვის სამინისტრო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს არ სცემს. ეს არის რომელიღაცა ყვითელი პრესაში გასული ჭორი, რომელიც არის სიცრუე და ცილისწამება", - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დეპუტატმა პაატა დავითაიამ პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისგან თავდაცვის სამინისტროს მიერ ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოების ნაგვის ურნაში გადაყრის ფაქტის გამოძიება მოითხოვა.