არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის, ქალბატონის, რომელიც თავისი მანდატის მიწურულს, ეუთო-ს თავმჯდომარის მანდატი მაქვს მხედველობაში, ჩამოვიდა აქ კონკრეტული მისიით, რომლის შესრულების მცდელობაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის შედეგებს და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის ვიზიტი საქართველოში.
კირცხალია ვალტონენს მიმართავს კითხვით, რომელი კანონით არის შეშფოთებული, ისეთი კანონებით ხომ არა, რომლებიც ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს.
მისივე თქმით, საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ევრობიუროკრატების უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ ქართულ საზოგადოებას, რომ ის, რაც მათი ქვეყნისთვის აუცილებელია, საქართველოსთვის არ შეიძლება.
„საზოგადოებამ ასევე კარგად ვნახეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი, შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ქალბატონი თურმე შეშფოთებულია ჩვენი "შემზღუდავი კანონებით", რაც ღიმილისმომგვრელია. აქედან ვუსვამ კითხვას: რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, "გამჭვირვალობის კანონით" ხომ არ არის შეშფოთებული ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ემსახურება ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, თურმე, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისი თქმით, ყველაფერი "ხელის გულზეა" და გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის მხარდაჭერის პირდაპირი მტკიცებულება.
„როგორ ხელის გულზეა ყველაფერი, როგორ ხელის გულზეა ის ბინძური მცდელობა, იმ ბინძური სცენარის აღსრულებისა, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა, იმ პირდაპირი მნიშვნელობით ექსტრემიზმის, რასაც უკვე ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს“, - განაცხადა კირცხალიამ.