ევროპის სპორტის კვირეული - ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება - წელს იუბილარია. პროგრამა უკვე 10 წელია ყოველწლიურად ტარდება ევროპის ქვეყნებში დევიზით „იყავ აქტიური“ (BeActive).
საქართველო ტრადიციულად ჩართულია ამ ფართომასშტაბიან ინიციატივაში. ღონისძიებას კოორდინაციას უწევს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, რომლის პრეზიდენტიც ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილია. ფედერაცია ყოველ წელს ღონისძიებებს სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებს, ამჯერად შერჩეული იქნა ქალაქი რუსთავი.

11–12 ოქტომბერს რუსთავის ცენტრალური პარკი ნამდვილ სპორტულ არენად გადაიქცა. მრავალფეროვანი პროგრამით გამორჩეული კვირეული ასობით ბავშვს, ახალგაზრდასა და უფროს თაობას აერთიანებდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სპორტის 20-ზე მეტი სახეობა - მათ შორის წყალჯომარდობა, ხელბურთი, ბეისბოლი, ფრისბი, ამერიკული ფეხბურთი, უშუ, სპორტული ნარდი, გო, შაში, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, სპორტული ორიენტაცია, ძიუდო, ტრადიციული თამაშები, მხიარული სტარტები და ა. შ.
სპორტული აქტივობები გაიმართა არა მხოლოდ პარკის ტერიტორიაზე, არამედ მისი ერთკილომეტრიანი ტბის ზედაპირზეც ე. წ. დრაკონის ნავებით, რომელსაც სახელოვანი სპორტსმენი ზაზა ნადირაძე ხელმძღვანელობდა.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაც იყო „სპორტი საზოგადოების ერთიანობისა და სოციალური ჩართულობისთვის“. ამ გზავნილით ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან ჩამოიყვანა ფედერაციის პრეზიდენტმა, მაია აზარაშვილმა.
„ჩვენი მიზანია, თითოეულ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა იყოს ჩართული სპორტში, განიცადოს გამარჯვების სიხარული და მეგობრობის სითბო,“ - აღნიშნა მაია აზარაშვილმა გახსნის ცერემონიაზე.

სპორტული ზეიმი ოფიციალურად გახსნა მაია აზარაშვილმა. მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს სპორტის სამინისტროსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში.
სიტყვით გამოვიდნენ და ღონისძიებას აქტიურად მხარს უჭერდნენ საქართველოში „იყავ აქტიური“ (BeActive)-ის კეთილი ნების ელჩები -
გინესის რეკორდსმენი, ზამთრის ცურვის ექვსგზისა და ბიატლის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჰენრი კუპრაშვილი და
ცნობილი ქართველი მოკრივე ლაშა გურული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.
მრავალფეროვანი აქტივობებითა და ბავშვებისა და ახალგაზრდების გულწრფელი ემოციებით, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავარი გზავნილი - ფიზიკური აქტიურობა სიცოცხლის ენერგიის წყაროა, ხოლო სპორტი - საზოგადოების ერთიანობის საყრდენი.
