ევროპარლამენტარების ვალდებულებაა, რომ ქართველ ხალხს დავეხმაროთ, - ამის შეასხებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაც „მზია ამაღლობელის და პროდემოკრატული მოძრაობის“ მხარდაჭერა საქართველოში“ იყო.
იუკნევიჩიენეს თქმით, ევროპარლამენტში არაერთი ანგარიში და რეზოლუცია იყო მიღებული საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მომდევნო გადასადგმელი ნაბიჯების შესახებაც, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მხარდაჭერა სუსტი იყო.
„მე უნდა ვიყო სამართლიანი და ღია. უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა მებრძოლი ქართველებისადმი იყო იმაზე სუსტი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით. პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციები არასდროს დაწესებულა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა. ბიძინა ივანიშვილი კვლავ არის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი საფრანგეთში და ის ამ ქვეყნის მოქალაქეა. სწორედ ეს არის ის კაცი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ყველა ტრაგედიის უკან დგას. რუსული „სპუტნიკის“ მსგავსი მედია ისევ მუშაობს ევროკავშირის ინსტიტუტებში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
იუკნევიჩიანემ აღნიშნა, რომ საქართველო ტოტალიტარული ძალის მიერ იმართება.
"ქართველები იბრძვიან ქუჩაში, 300 დღეზე მეტია. მალე ერთი წელი გახდება მათ ბრძოლიდან. ისინი მეუბნებიან, რომ არასდროს დანებდებიან, არასდროს დანებდებიან, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის. ჩვენი ვალდეულებაა, როგორც ევროპარლამენტარების, რომ მათ დავეხმაროთ. საქართველო ტოტალიტარული ძალის მიერ იმართება. ხალხს არ უნდა უკან დაბრუნება, მათ უნდათ წინ წასვლა. ჩვენი ბრძოლაც არ დასრულებულა", - თქვა იუკნევიჩიენემ.