"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ეხმიანება "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში.
ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას გააუქმებს, ამ პარტიის წევრებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა.
წითლიძის განცხადებით, "ოცნებას" არ გამოუვა იმ პარტიის აკრძალვა, რომელიც უკვე 13 წელია "რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვის".
"ეს არის ის, რითაც საერთოდ სუნთქვა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს და ცხადია, რომ პირველ რიგში, ეს არის მიმართული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ენმ-ს მოსპობას 13 წელია უკვე რუსული საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა 13 წელი იბრძოდა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ წინა ხაზზე. ცხადია, რომ მათ არ გაუჭირდებათ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ამ კანონპროექტის მიღება. "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრის განწყობა არის, რომ ჩვენ ამას ველოდით, რომ ბრძოლა გაგრძელდება. ნაციონალურ მოძრაობა არ არის რაღაც იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი და ქაღალდი. ენმ არის ფასეულობები და ღირებულებები და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული საოკუპაციო ღირებულებების წინააღმდეგ", - აცხადებს ანა წითლიძე.