ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობას თუკი გადაწყვეტ, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც 4 ოქტომბრის აქციაზე მივიდა, თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო იმ მიზნების შესახებ, რა მიზანიც ამ აქციას ჰქონდა.
„დანაშაულის ჩადენის პროფესია და ასაკი ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება. პასაჟია, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ვიღაცას რაღაც სჭირს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია იმისკენ, რომ ჯანმრთელობის კუთხით დაეხმაროს ყველას – დამნაშავეს თუ არადამნაშავეს, მაგრამ ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის. ჩადენილი დანაშაულისთვის, ძალადობისთვის, კარგად ცნობილი სცენარისთვის, ძალადობისა და საქართველოს დამხობისთვის პასუხი ყველას მოეთხოვება. თუკი გადაწყვეტ, რომ გქონდეს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.