გრძელდება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა - იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უკვე 180-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა, მათგან ნახევარზე მეტი - ბოლო 5 თვეში. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ [TI] ავრცელებს.
„გრძელდება, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა. 2025 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) მონაცემებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უკვე 180-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა, მათგან ნახევარზე მეტი - ბოლო 5 თვეში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა. მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი - შეუძლებელიც გახადა“,-აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17.
„2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა - „ბორჯომმა და „TV 25-მა“ (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია „მეცხრე არხი ახალციხემ“. ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 8 სექტემბერს, თბილისში, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მისულ მოქალაქეებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალადობის გაშუქებისას, ჯამში 7 ჟურნალისტი დაზარალდა.
ამასთან, განმარტავენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა კრიტიკულ მედიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმებისა და დისკრედიტაციის მცდელობის შემთხვევები.