ვიხილეთ ქმედებები მოძალადეთა მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე თავდამსხმელიც სრულად ეკიპირებული იყო სპეციალური ტანსაცმლით, ვიხილეთ ტერორიზმისთვის გამზადებული ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შსს-მ გუშინ პროფესიონალურად იმოქმედა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა დამნაშავე გამოვლენილი იქნება.
„ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მკაცრი და მძიმე. გუშინ ვიხილეთ სანიმუშოდ განხორციელებული სპეციალური ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნახეთ, როგორ პროფესიონალურად მოქმედებდა შსს. ვიხილეთ ყოველგვარ ადამიანურ ახსნას დაქვემდებარების არმქონე ქმედებები მოძალადეთა მხრიდან. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე თავდამსხმელიც იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც სრულად ეკიპირებული იყო ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით, ტერორიზმისთვის გამზადებული ადამიანები. გუშინ რაც ვიხილეთ, არის შიდა ტერორიზმი, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა უცხოელთან ღონისძიებებში არიან ხოლმე და ძალიან ეხუტებიან მსგავსი იდეების მხარდამჭერ „ენჯეოებს“ და აქტივისტებს. დღეს მოგისმენიათ განცხადება რომელიმე უცხოელისგან, რომელმაც დაგმო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი ხალხისგან, რომელიც მათგან არის იდეურად მხარდაჭერილი? რა თქმა უნდა, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, დაადგენენ მათ ვინაობას. პრემიერ-მინისტრმა როგორც 4 ოქტომბრამდე, ისე გუშინაც ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს ყველანაირი აღჭურვილობა, რათა გამოავლინოს ყველა შენიღბული დამნაშავე და ყველას მიწვდება სახელმწიფო, ვინც ჩვენს ქვეყანას 90-იან წლებში აბრუნებდა. არავის ეპატიება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 15 პოლიციელს, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.
„მამუკა ხაზარაძის ტელევიზიას არც კი გაუშუქებია. ან ნახეთ რომელიმე უცხოელი, რომელიც წინა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, მივიდა პოლიციელთან და მოინახულა? თავად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობის შეკრებას, რომელმაც ეს სახე მიიღო და მძიმედ არიან დაშავებული პოლიციელები. ამ ელჩების ადგილას, უნდა ილოცონ, რომ პოლიციელების ჯანმრთელობა მალე გაუმჯობესდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.