15:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი.
„კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებული ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოსა და ვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.