არის მცდელობა, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას.
"ვნახეთ, რომ პარტიების კოორდინირებული მოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიის ზოგიერთ წამომადგენელთან, რომლის მცდელობაც არის, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე. მათ შორის ვხედავდით პარადოქსულ განცხადებებს, როდესაც საუბარია დამხობაზე და ცდილობენ, წინასიტყვა – მშვიდობიანის დამატებით რაღაცნაირად კანონთან თითქოს შესაბამისობაში მოიყვანონ, რაც არის სრული აბსურდი. აქვე მივუთითებ, რომ ამაზე მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა ლეგიტიმურ ჯიჰადზე, ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად წინსართი – ლეგიტიმურის დამატებით ცდილობდა თითქოს ამისთვის მიეცა ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა, დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. სტრასბურგის სასამართლოს მიღებული აქვს ამაზე გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ ტერმინოლოგიის გამომგონებლები მინდა, დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. ნათქვამი სიტყვა უკვე არის, ვერაფერს შეცვლიან. საუბრობენ დამხობაზე, საუბრობენ 4-ში დაწყებასა და დასრულებაზე. ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ვგულისხმობ, რომელსაც სურს, რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, საუბრობს არჩევნებზე დილით და საღამოს დამხობაში მონაწილეობაზე. ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი საბოტაჟი არჩევნებისა, რომ მომხდარიყო არჩევნების საბოტაჟი. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.