ევროპა - ასეთი თეთრი და ფუმფულა ბოლო 80 წელია არის, თორემ მანამდე სხვანაირი იყო. გვახსოვს დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ერთმანეთში ომობდა, საზარელ დანაშაულებს სჩადიოდა კაცობრიობის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ ყველაფერი გარკვეულია, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი სწორედ ეს არის და თავისუფალი ვაჭრობისაც. ის, რომ საქართველომ სარგებელი შეუძლია მოუტანოს ევროკავშირს დაკავშირებადების კუთხით, მათ შორის ენერგომატარებლების მიწოდების მხრივ, დერეფნის შეთავაზებით, ეს ყველაფერი ცნობილია და ამ მხრივ საქართველო საუკეთესოდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ერთადერთ რამეზე ვერ ვთანხმდებით - ქართველ ხალხს გვინდა, რომ ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება, ბრიუსელში ზოგიერთს უნდა, რომ მათ დაგვინიშნონ ხელისუფლება. ეს უმარტივესი საკითხი, რომელიც წესით 21-ე საუკუნეში მარტივი უნდა იყოს, სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში უდგება ისე, თითქოს ეს იყოს ასი წლის წინანდელი ევროპა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა - ასეთი თეთრი და ფუმფულა ბოლო 80 წელია არის, თორემ მანამდე სხვანაირი იყო. გვახსოვს დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ერთმანეთში ომობდა, საზარელ დანაშაულებს სჩადიოდა კაცობრიობის წინაშე. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გვაქვს ის მდგომარეობა, როდესაც ღირებულებებზე დაიწყეს საუბარი. 80 წელი ძალიან ცოტაა ისტორიისთვისაც, კონტინენტისთვისაც, ცივილიზაციისთვისაც, რომ ვთქვათ, რომ გამყარებულია ეს ღირებულებები ევროპის კონტინენტზე.
ზოგიერთებს ჯერ კიდევ ასი წლის წინანდელი მენტალიტეტი აქვს როგორც ჩანს და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებში შეუძლიათ ხიშტით და ძალდატანებით საკუთარი ნება გაატარონ. მთელი პარადოქსი ისაა, რომ მოდიოდა მათგან სეტყვა და დაეჯახნენ ქვას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას არ დაელოდა და ჩვენთვითონ გამოვეყავით საბჭოთა კავშირს. ეს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტისთვის იმდენად ძლიერია ქართველ ხალხში, ახლა, რომელიღაცა ქვეყნის, რომელიღაცა მინისტრის რომელიღაცა სპიკერი რომ გამოვიდეს და გვესაუბროს, რომ ელენე კარგი გოგოა და როგორ მოხდა მისი დაპატიმრება, ამ დონეზე რომ ფიქრობენ ქართველ ხალხზე, ესაა პრობლემა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.