„ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ სათვალთვალო კამერები წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიურ, მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერებს, რომელიც დამონტაჟდება თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ ვიდეოკამერების ფარგლებში დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს, ჩავიწეროთ საარჩევნო პროცესი და აღმოვაჩინოთ ყველა ის მძიმე დანაშაულებრივი დარღვევა, რომლის მცდელობის სურვილი „ქართულ ოცნებას“ ექნება. თითოეულმა პირმა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან აქვს დავალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გაყალბებაში, უნდა იცოდეს, რომ იქნება იდენტიფიცირებული და მოუწევს დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურაში სისხლის სამართლის პასუხისგება იმ მთავარი დანაშაულისთვის, რაც არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და თბილისის მაცხოვრებლებისთვის მომავლის წართმევა და არჩევნების გაყალბება. ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება, დანარჩენი დამოკიდებულია მხოლოდ თბილისის მოსახლეობაზე და საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ყველა შანსი რუსული ოცნების და ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კუპრაძემ.