აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. ამისშესახებ იუწყება Guardian
„ვფიქრობ, რომ ალბათ გულის სიღრმეში ის [პუტინი] ხვდება, რომ ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია. მისთვის ეს არის ბრძოლა, რომლის მოგებაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. ეს არ მოხდება,“ - განაცხადა კელოგმა.
მისი თქმით, რუსეთს ფრონტის ხაზზე პრობლემები აქვს.
„თუ პუტინის სამხედრო ძალებს დააკვირდებით, დაინახავთ რომ დიდი ნაწილი განადგურებულია. ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავს. პრობლემა მას აქვს და არა დასავლეთს“, - აღნიშნა კელოგმა
გამოცემა აღნიშნავს, რომ კელოგმა, სავარაუდოდ, მხარდაჭერა გამოთქვა რუსული დრონების ან ნატო-ს საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავების ჩამოგდების იდეის მიმართ.
„სამხედრო თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ზოგჯერ ასეთ სიტუაციებზე რეაგირებისთვის აუცილებელია ე.წ. რისკის დონის გაზრდა. კარგ მაგალითს მოგიყვანთ... რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, რუსები თურქეთის საჰაერო სივრცე შეიჭრნენ. რა ქნეს თურქებმა? მათ ის ჩამოაგდეს“, - აღნიშნა კელოგმა.