ენას ძვალი არა აქვს და შეუძლიათ, მსგავსი ტიპის მოწოდებები გააგრძელონ, მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ იყვნენ ჩართული არჩევნების ჩაშლაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.
მახაშვილის თქმით, მათი ინტერესი საქართველოში ნორმალური და მშვიდობიანი გარემო არ არის.
„ენას ძვალი არა აქვს. შეუძლიათ გააგრძელონ მსგავსი ტიპის მოწოდებები მით უმეტეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს როგორ პირდაპირ იყვნენ ჩართული არჩევნების ჩაშლაში. მათი ინტერესი საქართველოში ნორმალური და მშვიდობიანი გარემო არ არის. მათი ინტერესი არის რადიკალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანა. ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის გაუგებარი ის განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს. მომავალშიც გააკეთებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს. ვამბობდით, მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალები, რომლებიც მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი რადიკალური ძალის ხელისუფლებაში მოყვანაა, კვლავ გააგრძელებენ ამ ტიპის განცხადებებს. ერთი მხრივ, თუ გულწრფელი ინტერესია, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან იმ თემებზე, რომელიც რეალური პრობლემაა ქვეყანაში და საზოგადოებას აღელვებდეს. მაგრამ, როცა ამ თემების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა მიუღებელია ეს განცხადებები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას მახაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ძალისხმევა არ დაუკლიათ რომ მათ შორის, ამ ადამიანებისთვის დიალოგის ხელი გაეწოდებინათ.
მახაშვილის თქმით, „თუ ვინმემ დიალოგი გაყინა და თუ ვინმე პატარა ბავშვივით მაგიდიდან გარბის, არიან ის პოლიტიკოსები, რომლების განცხადებებიც გუშინ მოვისმინეთ”.
„მზად ვართ, დიალოგისთვის, ოღონდ ეს არა შანტაჟის და იძულების ენით საუბარი და ძლიერის პოზიციიდან ხელების პრაკუნი, არამედ რეალურად უნდა იყოს - პირადად მეც არაერთხელ მითქვამს, რომ დავსხდეთ, შევხედოთ, რა არის მათი ლეგიტიმური კითხვები, რა არის ჩვენი ლეგიტიმური კითხვები და შევეცადოთ, ის პრობლემები, რაც ჩვენს შორის ურთიერთობებს აფერხებს, დავარეგულიროთ. თუ ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, ალბათ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნებს, ხელისუფლებას და დღემდე მოუწოდებენ მას რომ მოსახლეობის აზრი უგულებელყოს. ამიტომ სანამ ამ მიდგომით გააგრძელებენ, ჩვენი მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა რთული იქნება”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მიუღებელია და ის მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს "უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ".
ამასთან, გერმანელმა პარლამენტარმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა, რომ ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება, უბრალოდ მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია. გერმანელი პარლამენტარის თქმით, მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.