ჩვენ, ქართველები განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მაგრამ ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე - „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს.
"დღეს ჩემს სიტყვას ჩვენი მოლდოველი მეგობრებისთვის წარმატების, მათი დიდი გამარჯვების, მილოცვის გარეშე ვერ დავიწყებ. ეს გამარჯვება მათია, მაია სანდუს პირადი გამარჯვებაა და მინდა მას გულწრფელად მივულოცო, მაგრამ ეს ასევე ევროპის გამარჯვებაა, დემოკრატიის გამარჯვებაა და ჩვენთვის, ქართველებისთვისაც დიდი გამარჯვებაა. ეს არის იმედის სიგნალი და ჩვენს ბრძოლაში სიდიადით მტკიცედ დგომის მოწოდებაა, რათა დავუბრუნდეთ იმავე ევროპულ გზას, რომელიც ერთად დავიწყეთ ჩვენ, უკრაინამ და მოლდოვამ. სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთის შეტევები და აგრესიები სხვადასხვა ფორმით სწორედ ამ სამ ასოცირებულ ქვეყანას შეეხო.
დღეს ვსაუბრობთ ძალიან აქტუალურ საკითხზე, ევროკავშირის გაფართოებაზე. ის მთავარი მესიჯი, რომელიც მინდა გადმოგცეთ, არის ის, რომ გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური არჩევანია. ეს არის პოლიტიკური არჩევანი იმ ქვეყნებისათვისაც, რომლებიც ცდილობენ გაწევრიანებასა და ინტეგრაციას; მაგრამ ეს ასევე გეოპოლიტიკური აუცილებლობაა, როგორც ევროპისა და ევროპელებისათვის, ასევე ჩვენთვის და მათთვის, ვინც თავის წარსულსა და მომავალს ევროკავშირში ხედავს. ეს დღევანდელი გეოპოლიტიკური აუცილებლობაა, რადგან დემოკრატიებს, დემოკრატიულ სისტემებს ყოველდღიურად მეტი და მეტი გლობალური გამოწვევა ხვდება. ავტორიტარიზმი ყველგანაა, როგორც ევროკავშირის გარეთ, ზოგჯერ მის შიგნითაც კი და ამ გამოწვევების დაძლევა ევროკავშირს მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და მზარდი სიმტკიცით შეუძლია.
ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ახალი წევრების ინტეგრაცია არ არის, ეს ევროპული მოდელის დაცვაა - დემოკრატიის, თვითგადაწყვეტილებისა და უნიკალური, მრავალმხრივი ორგანიზაციული მოდელისა, რომელსაც ყველა ქვეყანა საკუთარი ნებით შეუერთდა და რომელსაც მომავალშიც შეუერთდებიან.
უფრო ძლიერი ევროპა დამოკიდებულია მის გაფართოებაზე, მაგრამ ისეთ გაფართოებაზე, რომელიც მოიცავს მშვიდობას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალ პოლიტიკას, ეკონომიკურ ძლიერებას, მეზობლებთან, პარტნიორებთან და სტრატეგიულ რეგიონებთან კავშირს. ამ კონტექსტში შავი ზღვა გაფართოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ესეც არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უფრო ადრე, პოსტაბჭოთა თუ საბჭოთამდელ პერიოდში იგრძნო შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტრატეგიულ რეგიონად გადაიქცა.
ნატომ შეიმუშავა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, ევროკავშირმაც ანალოგიურად. სწორედ ამიტომაცაა, რომ მოსკოვს მიზანში ჰყავს ის ქვეყნები, რომლებიც კრიტიკულია ამ სტრატეგიების, თანამშრომლობის, კავშირებადობისა და უსაფრთხოებისთვის: საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა.
თუმცა რეალურად, ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შავი ზღვის მიმართ ევროპული ან ნატოს სტრატეგიის კონტურებს. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებმაც მომავალში შავი ზღვა კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უნდა დააკავშიროს, მთლიანად რეალურ სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
ჩვენ, ქართველები განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მაგრამ ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ. ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ რუსეთი სულ უფრო მრავალფეროვან იარაღს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, არა მხოლოდ სამხედრო აგრესიას, რომელიც უკრაინაში წაგებულად დარჩა, არამედ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას, არჩევნების მანიპულაციას და სხვა ინსტრუმენტებს.
ამ ყველაფერს ევროპიდან პასუხი სჭირდება. ევროკავშირის პოლიტიკა უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია, არამედ მტკიცე თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკა. ამასთან ერთად, ევროკავშირს სჭირდება ახალი რბილი ძალის პოლიტიკა. მხოლოდ სადამკვირვებლო მისია საკმარისი აღარ არის, რადგან რუსეთს შეუძლია არჩევნების მანიპულირება ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური მეთოდებით ვერ იშიფრება.
დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს. საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ.
მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით! ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა.
ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.