ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები შეთანხმდნენ შექმნან „დრონების კედელი“, რომელიც აღჭურვილი იქნება მოწინავე აღმოჩენის, თვალთვალისა და ჩაჭრის ტექნოლოგიებით.
ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. იუწყება Reuters.
„რუსეთი ევროკავშირსა და ნატო-ს გამოცდას უწყობს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს გადამწყვეტი, ერთიანი და დაუყოვნებელი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ფინეთში, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის მინისტრებთან და უკრაინისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ.
კუბილიუსის თქმით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ „დისკუსიებიდან კონკრეტულ ქმედებებზე“ გადალენ და რომ დაგეგმილი „დრონების კედელი“ უფრო ფართო „აღმოსავლეთის ფლანგის“ პროგრამის ნაწილი იქნება, რომელიც როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო უსაფრთხოებას მოიცავს.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ ყოვლისმომცველი ევროკავშირის ინდუსტრიული პოლიტიკა და ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ეს ფარი რეალობად ვაქციოთ“, - აღნიშნა კომისარმა.
მიუხედავად იმისა, რომ მან ასეთი კედლის დაფინანსების დეტალებზე არ ისაუბრა, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ოქტომბერში ამ საკითხზე „ინტენსიური“ დისკუსიების გამართვას გეგმავენ.
ცნობილია, რომ ამ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და დანიის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის დროს კუბილიუსმა დამატებითი შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა დეტალური ტექნიკური სამოქმედო გეგმა.
კომისარი მიიჩნევს, რომ დეტექტორების ქსელის შექმნა პრიორიტეტული უნდა იყოს და შეიქმნას ინტეგრირებული სათვალთვალო სისტემები და გაუმჯობესდეს შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატების ჩახშობა და ჩაჭრა.