საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი განცხადებით, კომისიის დასკვნა არ არის მხოლოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ტრაგედია, არამედ, ეს არის ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული დოკუმენტი.
„ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი.
სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა წულუკიანმა.