უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო რუსეთის ფედერაციას ორმხრივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მუშაობას დაიწყებს. ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ახლახანს მომხდარი ინციდენტის კომეტირებისას.
26 ნოემბერს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის მცხოვრები საზღვრის გადალახვას თავისი "ნივის" ტიპის ავტომობილით ცდილობდა. მესაზღვრეთა არაერთგზის მოთხოვნაზე მან ავტომობილი არ გააჩერა და მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნამ მოუწიათ, რომლის შედეგადაც უკრაინის მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
"თავი უნდა დავანებოთ უსაფუძვლო განცხადებების კეთებას, რომლებიც ჩვენი საზღვრის დემარკაციის საკითხებს ეხება და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. უნდა შეიქმნას დემარკაციის საერთო კომისია", _ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
იგი მოუწოდებს რუსულ მხარეს, "იყვნენ ტოლერანტულები, თანამიმდევრულები და პროგნოზირებადები მოქმედებებში".
"შედეგად მოვძებნით ურთიერთგაგებას ყველა რთულ საკითხზე, რომელიც საზღვრის დემარკაციის საკითხებს ეხება. იმედს ვიტოვებ, რომ საზღვარზე მომხდარის გამოძიება ოპერატიულად და ობიექტურად მოხდება", _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეისათვის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაურეგულირებელი რჩება საზღვაო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ქერჩის ყურესა და აზოვის ზღვაში. ამას გარდა, არსებობს რამდენიმე მცირე მანძილის საზღვრის მონაკვეთი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას, ბელორუსს და მოლდოვას შორის, რომელიც ჯერ არ არის დემარკირებული.