არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ იერუსალიმში, ხიბერტ მადრასის რაიონში ბიზანტიის მონასტერში დაკრძალულია ზაქარია წინასწარმეტყველი. ეკლესიაში, რომელიც 1500 წლისაა, ნაპოვნია უნიკალური მოზაიკა, რომელიც კარგადაა შენახული და "ბრწყინვალდედაა შესრულებული".
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ მოზაიკის ქვეშაა ზაქარია წინასწარმეტყველის საფლავი.
წმინდა ზაქარია წინასწარმეტყველი მანგლისმხილველი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი იყო ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი.
ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7).
გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა - ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს" ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2).
ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 თებერვალი, ახალი სტილით - 21 თებერვალი.