ბოლო სამ თვეში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში 156 პირი მიეცა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის, პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, დაახლოებით, 8-ჯერაა შემცირებული.
„ბოლო სამ თვეში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. რეალურად, საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომლებიც დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის, პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით. რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რაც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირებულია როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ. ეს ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია.
ასევე, უპრეცედენტო რაოდენობითაა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი „ჰეროინი“ იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინა ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი „მეთადონის“ აბი, რაც ასევე, უპრეცედენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“,- განაცხადა კობახიძემ.