რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ უარი განაცხადა სტალინის შვილიშვილის ევგენი ჯუღაშვილის სარჩელის განხილვაზე, რომელიც სახელმწიფო დუმის განცხადებას "კატინის ტრაგედიისა და მის მსხვერლთა" შესახებ ასაჩივრებდა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" ევგენი ჯუღაშვილის ადვოკატ ლეონიდ ჟურუს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
უარყოფილი სარჩელი, სადაც მოპასუხეების რანგში პრემიერი პუტინი და პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც დაამატეს, მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ უკვე განიხილა.
ამ ინსტანციის დადგენილებიდან გამომდინარე, პუტინისთვის სარჩელით საველოვსკის სასამართლოში უნდა მიემართათ, ხოლო მევედევის სარჩელი გადაიდო, რადგან ქვეყნის ხელისუფალი ხელშეუხებლობით სარგებლობს.
სახელმწიფო დუმაში სარჩელი 2010 წლის 10 დეკემბერს შევიდა, ჯუღაშვილი აღაშფოთა დეპუტატების ფრაზამ, რომლის თანახმადაც, "კატინის დანაშაული სტალინისა და საბჭოთა სხვა ხელმძღვანელების პირდაპირი მითითებით განხორციელდა". ჯუღაშვილმა შეურაცხყოფის სანაცვლოდ, პარლამენტარებისგან 100 მილიონი რუბლი მოითხოვა. იგი კომპენსაციას მხოლოდ იმ პარლამენტარებისგან ითხოვს, რომელთაც "ერთიანი რუსეთის", "სამართლიანი რუსეთისა" და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ მიღებულ განცხადებას ხმა მისცეს.
ცნობისთვის, ევგენი ჯუღაშვილმა ადრე არაერთგზის წააგო სასამართლო პროცესები. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი დავა რუსეთის არქივთან, რომელსაც დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდა.