2025 წლის აგვისტოში CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გამოკითხულთა უმრავლესობა, 51% პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს აკისრებს. 13% - ევროკავშირს, 5% - ოპიზიციას.
კითხვაზე, "თუ საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა, პირველ რიგში ვისი პასუხისმგებლობა იქნება", 1-1% ამერიკას და რუსეთს ასახელებს, 3% - "სხვა-"ს, ხოლო 24% ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით, 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო მეტად მიიჩნევენ პასუხისმგებლად ქართულ ოცნებას/ივანიშვილს, ვიდრე უფროსი ასაკის მოქალაქეები. ასევე, დედაქალაქში მცხოვრებნი მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აკისრებენ, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებნი.
გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. 14% კი ფიქრობს, რომ ეს არაფერს შეცვლის.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა.
CRRC-საქართველოს ცნობით, სატელეფონო გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1 333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.