თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრისთვის „ჯერ მზად არ არიან“. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი ჟურნალისტებს ჩინეთიდან დაბრუნებისას ესაუბრა, სადაც პუტინს შეხვდა და შემდეგ ზელენსკის დაურეკა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სტამბოლში რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ღია რჩება.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს „მოლაპარაკებების დონის თანდათანობით ამაღლებას“, რათა მშვიდობის იმედები კონკრეტულ შედეგებად იქცეს და დასძინა, რომ ნებისმიერი ინიციატივა საბოლოოდ ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს, თუმცა ამისთვის პირობები ჯერ არ არის შექმნილი.