„საზოგადოება თვეების განმავლობაში აკვირდებოდა და პირდაპირ ეთერში იხსენებდა იმ დანაშაულებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში ხდებოდა. ყველას გვახსოვს ის ემოციები, რომელიც დაზარალებულებს ჰქონდათ კომისიის სხდომებზე საუბრის დროს. არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, კომისიამ, ვფიქრობ, ისტორიული მისია შეასრულა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოისმინეს.
მისივე თქმით, შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ისტორიული მასალა და უახლესი წარსულის ფაქტებზე დაფუძნებული აღწერა.
„დასკვნა, რომელიც 400 გვერდზე მეტია, ითარგმნება უცხო ენაზე იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც სენტიმენტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ დღემდე სხვადასხვა, მათ შორის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სისასტიკის დაკნინება, არამედ პირიქით, შექებაც კი. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მათ შორის იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავის დროზე ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ 2012 წელსვე სათანადოდ შეეფასებინათ ის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც დამყარებული იყო. ახლა, ეს არის ხელმეორე შანსი, რომელიც ეძლევა უცხოელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ გაიაზრონ, როგორ დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მფარველობდნენ და დღემდე მფარველობს ზოგიერთი. ეს არის შანსი ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის მიერ მიცემული შანსი მათთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგმონ ის რეჟიმი, რომელიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ შორის ზოგიერთი უცხოური ძალის განსაკუთრებული ხელშეწყობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს, კომისიის წევრებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კომისიის მუშაობის პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.