განაჩენი უკანონო და ამავდროულად, ძალიან უსამართლო იყო - ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება მკვდარია, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა ქუჩიდან უნდა გაგრძელდეს.
„განაჩენი უკანონო და ამავდროულად, ძალიან უსამართლო იყო. გადაკვალიფიცირება ისე შეიძლებოდა, რომ მაქსიმუმი 1 წელი და 6 თვე ყოფილიყო, მაგრამ მაინც მაქსიმალურად დასაჯა, ეს იყო გაკვეთილი! სასამართლო პოლიტიზებულია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება მკვდარია, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი. ამ ქვეყანას რომ სამართლიანი სასამართლო ჰქონდეს, ამისთვის ქუჩიდან უნდა ვიბრძოლოთ. მხოლოდ ქუჩის ბრძოლა გადაარჩენს ამ ქვეყანას და სამართლიანობას დაამკვიდრებს!” - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.