ჩვენი შვილები დღეს სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს - ამის შესახებ მსჯავრდებულ თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემგანაცხადა. როგორც ის აცხადებს, მსჯავრდებულთა მშობლები გაჩერებას არ აპირებენ.
„შანსი ჰქონდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, რომ დღეს ისტორია დაეწერა. თურმე, მონობა ადვილია, საქართველოს სიყვარული ყოფილა რთული. ბიძინა ივანიშვილის მონები სხედან აქ. ეს პატიმრობა არის ირაკლი კობახიძის დამსახურება და ყველაზე დიდ სასჯელს მიიღებს.
ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი შვილებით. დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს. ბრძოლა ბოლომდე, ეს არის გამარჯვებული ბიჭების პროცესი!“ - განაცხადა თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 8 დაკავებული სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ძალადობისთვის ბრალდებით ციხეში გაუშვა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.