"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურად დაუცველი ფენებიდან ცოლ-ქმრისთვის გრძელვადინი პაემანის უფასოდ განხორციელებას ითხოვს.
აღნიშნული თხოვნით დეპუტატმა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს მიმართა.
"გასაგებია, რომ გრძელვიადიანი პაემნების მომსახურება ძვირი ჯდება, თუმცა იქნება დაგვეშვა გამონაკლისი და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულები არიან, მხოლოდ ცოლ-ქმრის პაემანი უფასო ყოფილიყო. რადგან ამ დროს ხშირია ეჭვიანობის შედეგად ოჯახების დანგრევა, ეს კი ხელს შეუწყობდა ამ ოჯახების განმტკიცებას", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მინისტრის თქმით, კი გამონაკლისის დაშვება ვერ მოხდება, რადგან გრძელვადიანი პაემნები ფუფუნებაა და მის მომსახურებას დიდი ხარჯები სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი პაემნების სარგებლობის ხანგრძლივობა 24 საათს შეადგენს და მისი ღირებულება 60 ლარია.